25 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"დააგროვა საკმარისი გამოცდილება, რომელიც გვაძლევს ძალიან თამამად თქმის საფუძველს, რომ ის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იქნება" - მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეზე

მომავალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საპარლამენტო თანამდებობას მამუკა მდინარაძე გადაიბარებს და ის გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მდინარაძე "კურიერი პიესთან" ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს გამოცდილება უკვე აქვს, მისთვის მაინც იქნება გარკვეულწილად გამოწვევა, რადგან ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობაზე, ისევე როგორც პარტიულ მმართველობაში, იყო ძალიან კარგი მენეჯერი.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც წარმატებული ლიდერი იქნება.

"მის პატიოსნებაზე, მის დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ, სამშობლოს სიყვარულზე, ამაზე ვერავინ კამათობს იმიტომ, რომ ჩემი აზრით, თუკი რომელიმე ქართველს ეს თვისებები შეიძლება ჰქონდეს ყველაზე მაღალ ხარისხში, მაღალ რეგისტრში ატანილი, ეს ირაკლი კობახიძეში არის. კონსტიტუციის ავტორია ადამიანი, მას აქვს ასევე უდიდესი გამოცდილება მენეჯერული მიმართულებით. სამი მიმართულება აქვს მენეჯმენტში გამოცდილებისა - ერთი, ეს არის ჰორიზონტალური მმართველობის - პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის რანგში, არჩეულ დეპუტატებს მართავ კარგი გაგებით და იქ მენეჯმენტი მარტივი არ არის; მეორე, ეს არის პარტიული მენეჯმენტი, როდესაც 40 000-ზე მეტი მართვა, აქაც კარგი გაგებით გიწევს და ის არის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები; მესამე, ასევე ურთულესი, საშტაბო მენეჯმენტის გამოცდილება, სადაც უსწრაფესი გადაწყვეტილებები სჭირდება. ირაკლი კობახიძის ხასიათს მთელი ქვეყანა კარგად იცნობს: მისი დინჯი, გაწონასწორებული, რაციონალური ხასიათი და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნიკალური უნარი.

დააგროვა საკმარისი გამოცდილება ყველა მიმართულებით, რომელიც ჩვენ გვაძლევს ძალიან თამამად თქმის საფუძველს, რომ ის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იქნება.

როდესაც არჩევნებზე გავდივართ, ერთი მხრივ, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გყავს და მეორე მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ხელმძღვანელი და საპატიო თავმჯდომარეზე აღარაფერს ვამბობ, ყველამ ყველაფერი იცის მის დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ და მის როლზე. აქ უდავო ხდება, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში, არის წარმატების ფორმულა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "კურიერი პიესთან" საუბრისას.

დღის ამბები