როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ ოჯახში ძალადობას, ხშირად ესმით ჩხუბის და ყვირილის ხმა მეზობელი ბინიდან - სამწუხაროდ უმეტესობა ჩუმდება, ფიქრობენ, რომ ძალადობა ორ ადამიანს შორის პირადი საქმეა და რაც სხვის ოჯახში ხდება მათ არ ეხებათ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ერთი უბრალო ზარით თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.
ასე მოიქცა 14 წლის გოგოც, რომელმაც 112-ში დარეკვით, დედა მოძალადე მამინაცვალისგან იხსნა. კაცი, რომელიც ცოლს გერის და ორი შვილის თანდასწრებით, სამი წლის განმავლობაში სასტიკად სცემდა, პოლიციამ დააკავა. მამაკაცის ოჯახმა კი შური იძია და ქალი სამი შვილით სახლიდან გამოაგდო თანაც ისე, რომ მსხვერპლს პირადი ნივთების აღების შესაძლებლობაც არ მისცეს.
40 წლამდე მამაკაცმა მეუღლე ჯერ სახლში ჩაკეტა და მასზე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათი ძალადობდა. უფროსმა შვილმა, რომელიც მოძალადე კაცის გერია, სახლიდან გაპარვა და 112-ში დარეკვა შეძლო. ეს ამ ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსხვერპლი ქალი "კურიერი პიესს" 3-წლიან მძიმე ისტორიას უყვება. "მუშტებით ცემა და მკვლელობით მუქარა" - ქალს მოძალადე ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად უსწორდებოდა.
იმის გამო, რომ ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს შეატყობინა, მსხვერპლი ქალი მოძალადის ოჯახმა დასაჯა და სახლის კარზე საკეტი შეცვალა. სამი შვილით, ღია ცის ქვეშ დარჩენილი დედა ყვება, რომ ბავშვების პირადი ნივთების ასაღებად დიდი ხანი იბრძოლა.
მოძალადე მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციხეში გაუშვა. დაზარალებულად მისი ყოფილი მეუღლე და გერი სცნეს. ქალმა ამის შემდეგ, სამოქალაქო დავა დაიწყო, მოსამართლემ მოძალადეს მსხვერპლი დედა-შვილის ფულადი კომპენსაცია დააკისრა.
მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის ბოლოდან ამოქმედდა ცვლილება, რომლითაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს და არასრულწლოვნებს კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. ამ უფლებით, საქართველოში უკვე რამდენიმე ქალმა ისარგებლა.
სტატისტიკა მძიმეა - მხოლოდ 2023 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი 6270 მოძალადე მამაკაცზე გაიცა. მსხვერპლად აღიარეს 6534 ქალი. მძიმე შედეგებით დაიწყო 2024 წელიც.
ვინც ჯერ კიდევ ითმენს და ჯერ კიდევ სდუმს, ძალადობისგან თავის დაღწევა ერთი ზარით შეუძლია.