25 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი" - რას ამბობენ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთში ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული 7 პირის აღმკვეთი ღონისძიების განხილვა დაიწყება.

პროკურატურა ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, მეტიც, მათი ნაწილი ამბობს, რომ წარმოდენაც კი არ აქვთ, თუ რას ედავება მათ საგამოძიებო უწყება.

"როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ყველა დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება თაღლითობის მესამე და მეოთხე ნაწილი, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. მე ვიცავ ქალბატონ ელზა დვალს და ნონა ფარეხელაშვილს. ქალბატონი ელზა საქართველოში იმყოფებოდა ტურისტულად, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ კომპანიებთან, ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნონას, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე. არცერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს," - აღნიშნა ადვოკატმა, დავით ბარბაქაძე.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს. ის არასოდეს, არცერთ ქოლ-ცენტრში არ არის ნამყოფი, არ იცნობს სხვა დაკავებულ პირებს. შესაძლოა, საქმეში გამოყენებული იყოს მისი პირადი მონაცემები ან მასთან დაკავშირებული კომპანია. გარდა ამისა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადგინდეს, მისი შემხებლობა ამ საქმეში ნამდვილად არ არის," - განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საგამოძიებო უწყებამ გუშინ, თაღლითური ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მათ ბრალი თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით აქვთ წარდგენილი.

 

დღის ამბები