25 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან განმკლავება, ეს არის უცვლელი - მიხეილ სარჯველაძე

ხვალიდან, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანო იქნება. პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსასმენად ემზადება. სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“- ძირითად პრიორიტეტებს ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს თავად გააცნობს.

ეკონომიკის სტიმულირება, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - ეს 73 გვერდიანი პროგრამის ძირითადი მიმართულებებია.

პროგრამა 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდზეა გათვლილი, ოქტომბრის შემდეგ კი, ირაკლი კობახიძე ახალ ხედვებს წარადგენს. პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ოპოზიცია ხმას არ მისცემს.

“ჯერ მთავრობამ უნდა წარადგინოს ის ხედვები, პოზიციები. რადგან მთავრობა პრინციპულად არ იცვლება, ჯერჯერობით არანაირი განსაკუთრებული კითხვები არ მაქვს, მაგრამ იმის და მიხედვით თუ რას იტყვის ირაკლი კობახიძე და მინისტრები შეიძლება კითხვები გაჩნდეს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ახალი პროგრამის მიხედვით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მთავარი პრიორიტეტები, გამოწვევებთან განმკლავება, უცვლელი დარჩება.

„მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან განმკლავება - ეს არის უცვლელი. არის ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ხედვების სხვაობა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაშიც შეიძლება ხედავდეს ახალი პრემიერი იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერა მას ექნება; გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათ შორის იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მას დაგროვილი აქვს საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში - რა თქმა უნდა ყველაფერი ეს იქნება ჩვენი ინტერესის საგანი განხილვების დროს და წინასწარ შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არის საწინდარი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის. ყველა წინაპირობა არსებობს, ამ პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით.

ოპოზიციას, მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში მას შემდეგ, რაც ცვლილებებზე საუბარი დაიწყო და პროგრამაც გასაჯაროვდა, რეალურად აბსოლუტურად არავითარი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებიათ, რის გამოც მათ აქვთ რაიმე განსხვავებული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას ახლა წარმოდგენილი პროგრამა, ახალი შემადგენლობა მთავრობისა, პრემიერ-მინისტრი საზოგადოდ. მე არ მგონია, რომ რაიმე სათქმელი ჰქონდეს ოპოზიციას ამ, ამაში ღრმად დარწმუნებული გახლავართ. ისინი უბრალოდ ამ პოზას ინარჩუნებენ, საიდან გამომდინარეც ისაუბრებენ კვლავ კრიტიკული განცხადებებით. ეს მარტო იმიტომ, რომ ეს მათი სამზადისია არჩევნებისთვის,“ აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები