25 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ისტორიაში პირველად, "სნოუბორდ კროსის" დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს გუდაური მასპინძლობს

გუდაურმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა. კურორტზე მსოფლიოს 17 ქვეყნის 90–მა წამყვანმა სპორტსმენმა მოიყარა თავი. ფინალური ეტაპის დაწყებამდე, მათ საბოლოდ ივარჯიშეს. ამის შემდეგ კი, სპორტსმენებმა სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე, მაქსიმალური ძალისხმევით, საუკეთესო შედეგის დასადებად ბრძოლა დაიწყეს.

მსოფლიო თასის ეტაპის პირველი დღე გუდაურში წარმატებული 6 სპორტსმენისთვის აღმოჩნდა. ეს მათთვის ვინც, დღეს ნაჩვენები მონაცემებით საპრიზო კატეგორიის მოპოვება შეძლეს. საუკეთესოები "სნოუბორდ კროსის" დისციპლინაში როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა თანრიგში გამოვლინდნენ. კანადელმა ელიოტ გრონდინმა კაცებში პირველობა არავის დაუთმო, ხოლო ქალებში, საუკეთესო შედეგი ფრანგმა ქლოე ტრენსბუშმა აჩვენა.

სპორტულ ტურნირს არც სანახაობრიობა აკლდა. პირველ საფინალო დღეს გულშემატკივრებმა ექსტრემალური, ძალიან დაძაბული შეჯიბრი იხილეს.

გუდაურში ჩასულ სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კურორტი სიახლეებით დახვდა. უკვე მეორე დღეა, დამსვენებლების განწყობაზე ფესტივალი "გიზ-გიზი" ზრუნავს. ამაღლებული განწყობას სპეციალურად მოწყობილი ზამთრის გასართობი სოფელი ქმნის. აქ შეხვდებით როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებს.

ახალმა ფესტივალმა "გიზ-გიზმა" უკვე არაერთ დამსვენებელს შეაყვარა თავი.

გუდაურში მსოფლიოს თასი გრძელდება. ხვალ, 4 თებერვალს, ფინალური ეტაპის დასკვნითი დღე გაიმართება და საუკეთესოები როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის გამოვლინდებიან. 10-11 თებერვალს მსოფლიოს თასის ეტაპი ბაკურიანში გადაინაცვლებს, სადაც ტურნირი "სკი კროსის" დისციპლინაში გაიმართება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები