25 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
აშშ ერაყს 85 სამხედრო ობიექტის განადგურებით პასუხობს - ისრაელი-პალესტინის უთანხმოება რეგიონული ომის მასშტაბებს იძენს

იერიში იერიშის საპასუხოდ - ამერიკის შეერთებული შტატები ერაყს 85 სამხედრო ობიექტის განადგურებით პასუხობს. ისრაელი-პალესტინის უთანხმოება რეგიონული ომის მასშტაბებს იძენს - კონფლიქტის ცეცხლი ლიბანს, სირიას, წითელ ზღვასა და ერაყს მოედო. მორიგი დაპირისპირება, სადაც კონფლიქტის შეფარული აქტორები ამჯერად ამერიკა და ირანი არიან, ერაყის ტერიტორიაზე დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისია - გაგრძელება რომ იქნება, ამის პირობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად დადო.

იარაღის საწყობები, სამეთაურო პუნქტები და სამხედრო ბაზები - ერაყსა და სირიაში ერთდროულად 7 ზონაში აშშ-ის ავიაციამ იერიშები ღამის განმავლობაში 85 ობიექტზე მიიტანა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, B1-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით, ასევე F-16 და F-15-ის ტიპის გამანადგურებლებით 100-ზე მეტი ზუსტი დარტყმა განხორციელდა. მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფების სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაა, რომლებიც რეგიონში ყოველდღიურად უფრო მეტ საფრთხეს ქმნიან.

სწორედ მათ მიერ იორდანიის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა 3 ამერიკელი ჯარისკაცი. ისინი სამშობლოში გუშინ გადაასვენეს. ცერემონიას დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტიც. ამის შემდეგ კი, ბაიდენმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც საპასუხო ქმედებებზე იყო საუბარი.

არსებობდა მოლოდინი, რომ შესაბამისი პასუხი ირანზე პირდაპირი დარტყმა იქნებოდა. პენტაგონში ამუშავებდნენ შესაბამის სამხედრო გეგმებსაც, თუმცა, ამ ეტაპზე, ამერიკის დარტყმები ირანს არ შეხებია. პრეზიდენტის მსგავსად, თავდაცვის მდივანიც ამბობს, რომ გასული ღამის იერიშები მხოლოდ პირველი ტალღაა და მას გაგრძელება ისეთი ფორმით ექნება, როგორსაც ამას პენტაგონში გადაწყვეტენ.

ლოიდ ოსტინი ამავე ბრიფინგზე იმასაც ამბობდა, რომ მათთვის ირანის ჩართულობის საკითხი სრულიად მკაფიოა და ეჭვგარეშეა, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს სწორედ ირანი აფინანსებს და აიარაღებს. ამ ბრალდების მიუხედავად, თავად ირანის ხელმძღვანელობა ამას უარყოფს. მეტიც - ისმის საპირისპირო ბრალდებებიც. ირანი აშშ-ს აგრესიულ ქმედებაში ადანაშაულებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებსაც ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძის" სახელი აერთიანებთ, სირიაში, ერაყსა და იემენში ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისა და, საპასუხოდ, ღაზაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ გააქტიურდნენ. მათი გაცხადებული ამოცანა პალესტინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით ისრაელზე და მათ მოკავშირეებზე წნეხის გაძლიერებაა, რათა ცეცხლი შეწყდეს.

ეს ჯგუფები ცდილობენ, დაბლოკონ გემების მოძრაობა წითელ ზღვაში, პარალელურად კი თავს ესხმიან ამერიკულ ბაზებს რეგიონში. საპასუხო ოპერაცია, რომელიც აშშ-მა საჰაერო და საზღვაო ძალების ჩართულობით წამოიწყო, არსებული ვარაუდით, მინიმუმ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

დღის ამბები