რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმების პროტესტი მე-12 დღეა გრძელდება. ექიმები სამედიცინო დაწესებულებაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ. მომზადდა სარჩელიც. ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტა გადაწყვეტილების გადახედვაზე იქნება დამოკიდებული.
პარალელურად, ძალაშია შეთავაზებაც. კერძო კლინიკები, რომლებიც, თბილისთან ერთად, სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ, კოლეგებს ახალ სამუშაო ადგილებს სთავაზობენ.
მზადყოფნას გამოთქვამენ სახელმწიფო კლინიკებშიც. ერთ-ერთია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. კლინიკა მზადაა, სამედიცინო პერსონალი რეანიმაციულ, ნევროლოგიურ, თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაასაქმოს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გარე ფასადის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებაც, რომელიც ოთხ პუნქტს მოიცავს. შეთავაზების პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ხელფასს 12 თვის განმავლობაში ერთჯერადად მიიღებს. სხვა დაწესებულებაში მუშაობის შემთხვევაში კი - 4 თვის ხელფასს.
კომპენსაციაზე უარის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსს სხვა კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებას ჰპირდება, 4-თვიანი კომპენსაციით. იმ შემთხვევაში, თუკი პერსონალი სამედიცინო დაწესებულებაში არ იმუშავებს და უწყება ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, 3 წლის განმავლობაში, ანაზღაურებას ყოველთვიურად, დასაქმებამდე გადაუხდის.