25 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
აგრესორი მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებს - ომის 710-ე დღე უკრაინაში

უკრაინისთვის 710-ე დღეა ომის ხმაურით თენდება. დღესაც ასე იყო. 14 ირანული დრონიდან 9 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია. დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევკისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოვარდა. კრივი რიჰზე აგრესორის თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია მოსახლეობას ამ დრომდე ავარიულად მიეწოდება. ავიადარტყმები იყო ხერსონის ცენტრშიც, სადაც 17 წლის ბიჭი და 73 წლის ქალი დაშავდნენ. ორივე ჰოსპიტალიზებულია.

საჰაერო კომპონენტში უკრაინას თავიდანვე უჭირდა. თვეებია, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან სწორედ ამ მიზნით აწარმოებდნენ. საბოლოოდ, კიევში სასიხარულო ცნობაც ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალების გასაჯაროება არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ უკრაინელებს ახლა საჰაერო თავდაცვის 2 იმგვარი სისტემა ექნება, რომელიც, პრაქტიკულად, ყველაფერს იგერიებს.

ზელენსკის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ შეიარაღებული ძალების მეთაური - ვალერი ზალუჟნი შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი პარტნიორებიც წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში. ვაშინგტონმა არ მოიწონა, თუმცა, პასუხად, ზელენსკიმ კონკრეტული ვერაფერი მოისმინა, გარდა იმისა, რომ არჩევანი პირადად მასზეა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებამ შესაძლოა, სამხედროების განწყობებზე იმოქმედოს, რაც რუსეთს უპირატესობას მისცემს. რაც შეეხება თავად რუსეთის შეიარაღებულ ძალებს - შოიგუ კვლავ პუტინის ნარატივს ახმოვანებს.

ვოლგოგრადში უკრაინულმა დრონმა "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში აფეთქება გამოიწვია. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოდგება მოუხდათ რუსეთის რამდენიმე მოსაზღვრე ოლქშიც. მოსკოვის უკან დასახევად, უკრაინა ყველა ძალას მიმართავს. ამ ძალების შევსებაში კი დასავლეთი დაეხმარება. 2 დღის წინ გადაწყვეტილი 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გარდა, ევროკავშირი დღეს უკრაინისთვის ინდივიდუალური სახსრებიდან დახმარებასაც განიხილავდა. ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა ახლა საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდის. ამიტომ, შესაძლოა, პარტნიორების ნაწილმა ჩეხეთის ინიციატივაც გაითვალისწინოს, რომელიც უკრაინისთვის ამ ჭურვების გარე შესყიდვების საშუალებით მიწოდებას ემხრობა.

ევროპის უსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს აშშ-ს, სადაც წელს საარჩევნო წელია. ევროპა და უკრაინა იმედს გამოთქვამს, რომ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ვაშინგტონი უკრაინის მიმართ მიდგომებს არ შეიცვლის. ვაშინგტონი უკრაინის გაძლიერებას განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კიევი ამ კვირაში პარტნიორისგან მცირე დიამეტრის ბომბებს მიიღებს, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს შორ მანძილზე ბრძოლის საშუალებას მისცემს.

ავტორი: გივი კაჭარავა

დღის ამბები