25 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საავტორო უფლებათა ასოციაციის მხრიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტს სწავლობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიგა კობალაძის მხრიდან ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეს სწავლობს. ასოციაციის ოფისი დღეს დაკეტილია. გამომძიებლებმა შენობიდან ტექნიკა და დოკუმენტური მასალა უკვე გამოიტანეს. თავად კობალაძე ფაქტს უარყოფს და მზად არის მის მიმართ არსებულ ყველა კითხვას პასუხი ორშაბათს, საგამოძიებო უწყებაში, გამოკითხვისას გასცეს.

საგამოძიებო უწყება საკითხით ავტორ-შემსრულებელთა სარჩელის შემდეგ დაინტერესდა. ხელოვანები წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია მათ კუთვნილ ჰონორარებს არ ურიცხავდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა GCA დატოვა კიდეც. ახლა მათი მოთხოვნაა, ის თანხა დაუბრუნდეთ, რომელიც წლების განმავლობაში უნდა აეღოთ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის ფინანსური საქმიანობა საინტერესო ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე გახდა - მაშინ, როდესაც საქპატენტმა აუდიტორული დასკვნა მოამზადა. ოფიციალურ დოკუმენტში ეწერა, რომ არტისტებისთვის ჰონორარების შეგროვებასა და განაწილების პროცესში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. საქპატენტი ამტკიცებდა, რომ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან დიდი ნაწილი, ასოციაციამ არაჯეროვნად და შეუსაბამოდ დახარჯა. ეს ინფორმაცია საქპატენტმა, თავის დროზე, დეპუტატებსაც გააცნო. დღეს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ, ყველა არსებული ფაქტიდან გამომდინარე, საკითხით საგამოძიებო უწყების დაინტერესება ლოგიკურია.

გიგა კობალაძის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ, ავტორ-შემსრულებელთა უფლებების დაცვის ნაწილში ცვლილებები დაახლოებით 8 თვის წინ დაიწყო. შეიცვალა კანონმდებლობა და საქპატენტმა კონკურსიც ჩაატარა. აკრედიტაცია ახალ ასოციაციას - "აი ფი ოუ ეის" მიენიჭა. შესაბამისად, ავტორთა ჰონორარებს ახლა სწორედ ის აკონტროლებს.

 

ავტორი: დავით ახალაძე

დღის ამბები