25 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
არ ვარ დარწმუნებული, რომ სურთ, საქართველომ 9 რეკომენდაცია შეასრულოს - ნინო წილოსანი ISFED-სა და IDFI-ზე

 

9 დათქმის შესრულების პროცესი გრძელდება - მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ევროინტეგრაციის მორიგ საბოტაჟზე საუბრობს. მესამე სექტორის ნაწილს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა ისევ სურს. მმართველი გუნდის შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მათ, ხელის შეშლის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ.

"ქართული ოცნების" შეფასებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ისევ ოპოზიციის გეგმით მოქმედებს და ევროინტეგრაციის საბოტაჟს განაგრძობს. აცხადებენ, რომ კონკრეტული აქტორები მესამე სექტორიდან იმავე სტრატეგიას ირჩევენ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჰქონდათ, ახლა კი მათი მიზანი უკვე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დაზიანებაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროცესები წარიმართება კომიტეტებში, რომელიც ისედაც ღიაა დაინტერესებული პირებისთვის. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საკითხების განხილვაში.

"ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება 12 რეკომენდაციის შესრულების დროს. კარი ყველასთვის ღია იყო, მაგრამ ამ კარში შემოსვლა არავინ მოინდომა. იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მაშინ მიიღეს მონაწილეობა და ამას ყოველთვის ჩემი კომიტეტის მუშაობის მაგალითზე ვამბობ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოიწვია ყველა სუბიექტი, რომელიც პარლამენტშია და მოიწვია აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გაერთიანებული. პარლამენტს აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი აღმოსავლეთის ევროპის პლატფორმასთან გაფორმებული. ამ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომ ბოლო მომენტში, შიდა არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, დაუტოვებიათ ეს პლატფორმა.

რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა სამუშაოში ჩართვის უფლება - მუშაობა ძირითადად იქნება კომიტეტებში. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, კომიტეტების მუშაობა არის ღია, ამიტომ კომიტეტის მუშაობაში როგორც მოდიოდნენ და ესწრებოდნენ და იყვნენ ჩართულები, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა, ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რეალიზდეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ ამ ორგანიზაციებს სურთ ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება.

"ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი სურვილით გამოეთიშა და თავისივე რეპუტაციის დაზიანების გამო მოწყდა ყველანაირ ნორმალურ პლატფორმას, ახლა აცხადებს სურვილს და კითხვას სვამს - არ არის დარწმუნებული, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ცხრა რეკომენდაციის შესრულება. მე პირიქით შევუტრიალებდი ISFED-ს და IDFI-ს კითხვას - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სურთ საქართველომ ეს ცხრა რეკომენდაცია შეასრულოს, ან ზოგადად, საქართველო ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს. ამ ყველაფერს ადასტურებს წინა პერიოდი, ვითომ, ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რეკომენდაციები უნდოდათ შესრულებულიყო. სინამდვილეში, არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს ცრუ დასმენებს ახდენდნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი მთელ ამ პროცესში, რომელიც წარმატებით დავასრულეთ მათი ჩართულობის გარეშეც", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

დღის ამბები