გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, ხვალაც გაგრძელდება.
სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირში დღეს პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა ქლოე ტრენსბუშიმ, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრინდინმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, "სნოუბორდ კროსის დისციპლინის" ტურნირისთვის საქართველომ სამუშაოს თავი შესანიშნავად გაართვა.
"შესანიშნავი შეჯიბრი გვქონდა, როგორც ნახეთ, დაძაბული რბოლა იყო. ყველამ ფანტასტიკური შეჯიბრი იხილა, ორგანიზატორმა ქვეყანამ, საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს ხვალ მეტად მზიანი ამინდი გვექნება,ვიდრე დღეს გვქონდა. ძალიან კარგი პირველი შეჯიბრი იყო აქ, გუდაურში, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. საერთო ჯამში, გუნდებიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურება მესმის", - განაცხადა უვე ბეიერმა.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, პირველი საფინალო დღე გუდაურში წარმატებით ჩატარდა.მისივე თქმით, ტურნირთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მაღალია.
"დღეს, პირველი საფინალო დღე იყო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები ძალიან კარგი გვაქვს, ასევე სპორტსმენებისგან და სხვა დელეგატებისგან . შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღეც ასევე გაგრძელდება და საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური, კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.