საგამოძიებო მოქმედებები საავტორო უფლებათა ასოციაციაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტს იკვლევს.
გამოძიება წევრების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ითხოვენ კუთვნილი ჰონორარის დაბრუნებას.
კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე აცხადებს, რომ კობალაძე, წლების განმავლობაში, ფულს ითვისებდა.
"ჩვენი - ხელოვანებისა და ბატონი გიგა კობალაძის ურთიერთობა ძალიან პრობლემური იყო მრავალი წლის განმავლობაში. არაერთხელ მივმართე მას თხოვნით, რომ მოგვარებული ჩვენ შორის ფინანსური ურთიერთობები, მაგრამ მან ეს ყურად არ იღო და ყველაფერი აქამდე მოვიდა. დიდი ხანია, მქონდა განცდა და ეჭვი, რომ იგი (დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი) იპარავდა ჩვენს ჰონორარებს. შემდეგ აუდიტის დასკვნით გაირკვა, რომ ეს არა ეჭვი, არამედ სიმართლე იყო. მოვითხოვ, რომ მთელი ცხოვრება რა ზარალიც მომაყენა, დააბრუნოს,"- აცხადებს რუსა მორჩილაძე.
ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) წევრი მიხეილ რამიშვილიო აცხადებს, რომ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ყველა ხარჯს ნათელი მოეფინა.
"აქ არის ავტორებსა და შემსრულებლებზე საუბარი. ასევე საუბარია ჰონორარებზე, რომელიც, ამდენი წლის განმავლობაში, სად მიდიოდა და ვინ როგორ ხარჯავდა, ყველაფერს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ნათელი მოეფინა,"- აცხადებს რამიშვილი.