25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ქოლცენტრების საქმეს ახალი მოქმედი პირები ჰყავს - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში ერთდროულად ხუთ ლოკაციაზე ჩატარდა

"ოხ 1987 - ოთო და ბიჭები" - კომპანიის დასახელება ოფიციალურ ამონაწერში მფლობელად მითითებულ პირთან პირდაპირ კავშირშია. დოკუმენტის მიხედვით, "ოთო და ბიჭების" დირექტორი 1987 წელს დაბადებული ოთარ ხიზამბარელია. აქვე მითითებულია, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ჩართული ერთ-ერთი კომპანია კასპშია რეგისტრირებული. 

"კურიერის" ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მისამართზე რეალურად ხიზამბარელის საცხოვრებელი სახლია. მეზობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცი პერიოდულად კერძო შეკვეთებზე ფიზიკურად მუშაობს, არც განსაკუთრებული შემოსავლები აქვს და არც ის სმენიათ, რომ რომელიმე კომპანიის დირექტორი იყოს.

პროკურატურას ჯერ არ უთქვამს, რომ ხიზამბარელს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეში კონკრეტული ბრალეულობა აქვს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის რეალური თუ ფიქტიური მფლობელია იმ კომპანიის, რომლის ოფისშიც თბილისში, ჰორბრუკის ქუჩაზე გუშინ ხანგრძლივი საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა.

სპეცრაზმის თანხლებით შესულმა გამომძიებლებმა ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს. ჩხრეკის და ოფისის დალუქვის შემდეგ არავინ დაუკავებიათ, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს რომ მის დასაცავ პირებს პროკურატურაში გამოსაკითხად ახლო მომავალში დაიბარებენ.

არც ადვოკატები და არც საქმის პროკურორი ამ ეტაპზე საქმის ფიგურანტების ვინაობას არ ამხელენ. ორივე მხარე მხოლოდ რამდენიმე გარემოებას ადასტურებს, რომ საქმე ე.წ. ქოლცენტრების სქემას ეხება, დაკავშირებულია გასული თვეების განმავლობაში გამოვლენილ მსგავს პრეცედენტებთან და რომ ტრანსნაციონალურ დანაშაულზეა საუბარი.

"ევროჯასთის" მხარდაჭერით და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ქოლცენტრების საქმეზე არაერთი გამოძიება ჩატარდა. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაჩხრიკეს ათობით ობიექტი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს არაერთი პირი.

ასევე, გერმანული მხარის მოთხოვნით, საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა სომხეთშიც, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ ქოლცენტრების საქმეზე საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე, მიშა ბენიაშვილი, იგივე მიხეილ ბინიამინი დააკავეს.

ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია და მასთან ერთად ფიგურირებს BBC-ის გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც ქოლცენტრების თაღლითურ სქემას ეხებოდა.

სქემები ასე მუშაობს - თაღლითები უკავშირდებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს, არწმუნებენ რომ დიდი ოდენობით თანხები შეთავაზებულ საინვესტიციო პლატფორმებზე დააბანდონ, საბოლოოდ კი მათი გადარიცხული თანხები სქემის მონაწილეების ანგარიშებზე ხვდება. 

 

 

 

დღის ამბები