25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
9 დათქმის შესრულების პროცესი - მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ევროინტეგრაციის მორიგ საბოტაჟზე საუბრობს

მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ევროინტეგრაციის მორიგ საბოტაჟზე საუბრობს. ამბობენ, რომ "ისფედი", "აიდიეფაი" და მათი თანამოაზრეები, საერთაშორისო პარტნიორების თვალში 9 დათქმის შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, რადგან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თავად არ არიან და ამტკიცებენ, რომ პროცესს უმრავლესობა ექსკლუზიურად მართავს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ კონკრეტული აქტორები მესამე სექტორიდან იმავე დამოკიდებულებას ირჩევენ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჰქონდათ და ახლა მათი მიზანი უკვე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დაზიანებაა.

ეს ორგანიზაციები ახლა სწორედ "სამართლიან არჩევნებთან" ერთად ითხოვენ 9 დათქმის შესრულებაზე მუშაობას. პარალელურად ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არც ახლა აქვს.

კონკრეტულ ორგანიზაციებს ეთანხმებიან კონკრეტული პარტიებიც, მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელმაც ამჯერად ბოიკოტის სტრატეგიაზე უარი თქვა, თუმცა პროცესს ისევ ფორმალობას უწოდებს. "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად სხვა ინტერესები ამოძრავებთ.

"ქართული ოცნების" შეფასებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი ისევ ოპოზიციის გეგმით მოქმედებს და ევროინტეგრაციის საბოტაჟს განაგრძობს. ამბობენ, რომ იმის მტკიცება, თითქოს პროცესში სამოქალაქო სექტორი ჩართული არაა, დეზინფორმაციაა. განმარტავენ, რომ 9 დათქმის სამუშაო ჯგუფში აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან თანამშრომლობენ, სადაც 200-მდე ორგანიზაციაა გაწევრიანებული. თუმცა პარლამენტში რეკომენდაციების განხილვაში ჩართვა ყველას შეუძლია. უმრავლესობაში დღეს ისიც თქვეს, რომ შესაძლებლობის მიუხედავად კონკრეტულ ორგანიზაციებს პროცესში მონაწილეობის მორალური უფლება არ აქვთ. 

ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად პარლამენტი სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე მუშაობს. პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩართულია ოპოზიციაც, ყველა პარტია - მინუს "ლელო".

 

დღის ამბები