25 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
11 წლიანი მმართველობის მე-6 პრემიერი - "ქართული ოცნების" ყრილობა და საკადრო გადაადგილებები მმართველ პარტიაში

"ქართული ოცნების" რიგით მერვე ყრილობის მთავარი მოვლენა წინასწარ იყო ცნობილი, განსხვავებით წინა პარტიული შეკრებისგან. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ყრილობის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარუდგინა.

ყრილობა ირაკლი კობახიძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც "ქართული ოცნების" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ყრილობის დელეგატებს ახალი სტატუსით პირველად მიმართა, თუმცა იყო ძველის გახსენებაც - პოლიტიკური წარსულის და საუბარი გუნდის პრიორიტეტებსა და სამომავლო გამოწვევებზე.

ახალი ამოცანების მთავრობიდან გამკლავება უკვე ახალ პრემიერს მოუწევს. ირაკლი კობახიძეს უკვე წინამორბედმა და დღეიდან პარტიის თავმჯდომარემ, წარმატება უსურვა და თანადგომა საჯაროდ აღუთქვა.

გაცვალეს ტრიბუნები და თანამდებობის გაცვლა ერთმანეთს დელეგატების წინაშე საჯაროდ მიულოცეს. ამის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი კობახიძე უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში წარსდგა. გამოსვლის დასაწყისშივე აქცენტი პარტიის ერთიანობასა და არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე გაკეთდა.

მომავალი პრემიერი სამთავრობო გეგმას პარლამენტს წარუდგენს.

ყრილობა დახურულად გამოცხადდა ისე, რომ სიტყვით "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე არ გამოსულა. ყრილობის დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მხოლოდ ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მიმართვებს ითვალისწინებდა. სწორედ მათთან ერთად შევიდა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დარბაზში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარისგანაც თავი შეიკავა.

დღის ამბები