25 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრს ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება - მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლებისა და მეცნიერების კუთხით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მჭიდრო პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას.

გიორგი ამილახვარის თქმით, კოლეგა სამინისტროსთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა დიდი პატივისცემა გამოხატა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის სრული მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები