25 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"საქართველოში არ იმყოფებოდა... მეზობლებისგან გაიგო, რომ მისი ბინა გასხვისდა" - რას ამბობს თაღლითური ჯგუფის მიერ დაზარალებულის ადვოკატი

თაღლითური ჯგუფის მიერ დაზარალებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფებოდა, როდესაც საკუთარი ბინის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად, მეზობლებისგან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, ამ ეპიზოდზე ბრალდებული არის თურქეთის მოქალაქე, რომელმაც თურქეთში დამზადებული ყალბი მინდობილობით ისარგებლა და ბინა გადაიფორმა.

"როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფებოდა (ის საქართველოს მოქალაქე არ არის), მას დაკეტილი ჰქონდა ბინა, საკუთრებაში ჰქონდა აღნიშნული უძრავი ქონება. მოულოდნელად, მეზობლებისგან გაიგო, რომ მისი ბინა იყო გასხვისებული. როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ ვინმე თურქეთის მოქალაქემ, მისთვის უცნობმა პიროვნებამ თურქეთში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომელიც არის ყალბი, საქართველოში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ბინა და შემდეგ. რამდენიმე დღეში სხვა პიროვნებაზე გადააფორმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკარგა ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც არის, დაახლოებით, 60 000 დოლარი,"-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

"ფულის გათეთრებას ედავება ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ორი ეპიზოდია ორ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულება არის 900 000 ლარი. ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას, რადგან მოგეხსენებათ, საქმე არის მოცულობითი, 25 ტომისგან შედგება,"-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურამ 9 პირს ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საჯარო რეესტრში ყალბი მინდობილობები წარადგინეს, ამ დოკუმენტების საფუძველზე კი მიიღეს უფლება, განეკარგათ ირანის მოქალაქეების უძრავი ქონება. ბრალდებულებმა სულ 19 დაზარალებულის 15 უძრავი ქონების მითვისება შეძლეს, რამაც 3 მილიონ 200 ათასი ლარის ზიანი გამოიწვია. ექვს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა, მათგან ხუთი იძებნება. სამ ბრალდებულს გირაო შეეფარდა.

დღის ამბები