25 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები "სამარცხვინო და ძალიან მძიმეა".

ამასთან, როგორც აზარაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მსგავს შემთხვევებზე რეაგირება ყოველთვის ექნება.

"კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე, ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

აქვე, მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს, ასევე, მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე, ყოველთვის ექნება ძალიან პრინციპული და მკაცრი რეაგირება [მსგავს შემთხვევებზე]", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

 

დღის ამბები