25 ნოემბერი 2024,   21:59
ვრცლად
"რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი" - რამ შექმნა ელექტროენერგიის გაიაფების წინაპირობა და როდემდე შენარჩუნდება ახალი ტარიფი

ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. სიახლე შეეხებათ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. სემეკ-ის გადაწყვეტილება პირველი იანვრიდან შევა ძალაში და მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად, არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები.

"როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ყველა კატეგორიის მომხმარებლებისთვის, ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ტარიფი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ტარიფის შემცირების უმთავრესი საფუძველი, არის ის ჰიდრომდგომარეობა და უხვი ნალექები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, ასევე რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შესაბამისად, შედარებით იაფფასიანი დენი, რომელსაც ენგურჰესი აწვდის მომხმარებელს, გვაწვდის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

კომისიამ გეგმურად გადახედა წყალმომარაგების საკითხებს, მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფები დარჩა უცვლელი, როგორც თბილისში, ისე - მცხეთასა და რუსთავში, მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის გაიზარდა ტარიფები. მნიშვნელოვანია ის, რომ ინვესტიციები განხორციელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რუსთავში და მცხეთაში GWP-ს მიერ, ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიები. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა, მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის აისახოს წყლის მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესებაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

GWP-ს გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, საინვესტიციო გეგმის მიხედვით, კომპანიას ამბიციური მიზნები აქვს.

"მივესალმები ახალი საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას მომდევნო წლისთვის, ასევე მივესალმები ტარიფის ცვლილებას. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ახალ საინვესტიციო გეგმაში საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს გათვლილი. ეს მნიშვნელოვანი და კრიტიკული თანხაა საინვესტიციოდ, წყლის სადისტრიბუციო სისტემებისთვის. ეს დაგვეხმარება განვაახლოთ რამდენიმე ასეული კილომეტრის მილები მომდევნო წლებში. ეს ასევე დაგვეხმარება შევამციროთ მოხმარების დრო და რაოდენობა", - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ელექტროენერგიის სამი თეთრით შემცირება ქვეყნისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

"ელექტროენერგიის მიმართულებით 3-თეთრიანი კლებაა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით, რაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა. წყალმომარაგების სისტემაში ტარიფი უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო სექტორისთვის და გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მიეცეს ინფრასტრუქტურის განახლებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა ", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები