ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.
„დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაერო-ს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება. ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია.
ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ წინსვლის ნაწილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, რათა კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოს. ერთად გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, – აცხადებს ელჩი.