პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-ში აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთის და სხვა წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, რეგიონული თანამშრომლობა, საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა აქვს ნატო-სთან დაახლოების მხრივ.
"კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-სთან დაახლოების მხრივ. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში. მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომ ამ უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე სრულად უზრუნველყოს ერთის მხრივ, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, მეორეს მხრივ იყოს სოლიდარული სრულად უკრაინასთან. კომისიის ფორმატში გვექნება ხვალ მსჯელობა საქართველოს დაახლოების საკითხებზე [ნატო-სთან]. აქაც დარწმუნებული ვართ, მხარდაჭერას მივიღებთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ხვალვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი შედიან.