ღაზას სექტორი ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის. საჰაერო იერიში არც ღამის საათებში წყდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უკანასკნელ 24 საათში "ჰამასის" 400 ობიექტი გაანადგურეს - ტერორისტული ორგანიზაციის მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. სახმელეთო შეტევა განახლდა დილიდან.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ სტატისტიკას აახლებს. უწყების ინფორმაციით, ზავის დარღვევას და ცეცხლის განახლებას უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ნაწილი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
ღაზას სექტორში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს მირიანა სპოლიარიჩი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი ანკლავში არსებულ სიტუაციას პირადად, ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ზონაში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულზეა.
"ღაზაში არსებული სიტუაცია ვერ გამოსწორდება მეტი ჰუმანიტარული სატვირთოს შემოსვლით. ჩვენ უნდა დავიცვათ ქალები და ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ადამიანები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ. მე შევხვდი უამრავ დაზარალებულს. ყველა მათგანს დაკარგული აქვს კიდურები, მარტო იმიტომ, რომ საჭირო დახმარება დაბომბვის შიშის გამო ვერ მიიღეს. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა შეაჩერონ. იპოვონ სხვა გამოსავალი - არა ძალისმიერი",- აცხადებს მირიანა სპოლიარიჩი.
ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეიარაღებული შეტაკებების გარდა, ისრაელის თავდაცვის უწყება "ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბების დატბორვის გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ვრცელ სტატიას The Wall Street Journal ავრცელებს. თუმცა, დიდი ალბათობით ეს მძევლების გათავისუფლებამდე არ მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, "ჰამასი" 140-მდე ტყვეს სწორედ, 500 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა სისტემაში მალავს.