საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში ოთხ დღიან ვიზიტს იწყებს. დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან და ეროვნული ასამბლეის წევრებთან. საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
კობახიძის თქმითვე, ვიზიტის მიზანი არის ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს უნგრეთი არის საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.
"კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან, რათა ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას, ამ თემაზეც გვექნება საუბარი ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან," -განაცხადა კობახიძემ.