გაუქმებული ფრენები და შეფერხებული საგზაო მოძრაობა - დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ევროპის ქალაქები თითქმის პარალიზებულია.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა მიუნხენში, სადაც გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. სპეციალური განრიგით მუშაობს ტრამვაი და მეტრო. გაუქმდა ასობით ავიარეისი.
თოვლის სიმაღლემ უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბავარიაში ზოგიერთ ადგილზე -10 გრადუსი ყინვაა. უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად ათასობით მოქალაქე ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მოგზაურებს აფრთხილებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება და ფრენა, შესაძლოა, კიდევ შეფერხდეს.
მსგავსი ყინვა და დიდთოვლობა გერმანიაში ადგილობრივებს ბოლო 30 წელია არ ახსოვთ. ზვავის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს ხელისუფლება მოსახლეობას მეზობელ შვეიცარიასა და ავსტრიაში. უამინდობამ ამ ქვეყნებშიც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა.
ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, 850-მდე ფრენა გაუქმდა ნიდერლანდების აეროპორტებშიც. მატარებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ჩეხეთშიც.