ხანმოკლე შვების შემდეგ, ღაზაში ომი დაბრუნდა. მასთან ერთად დაბრუნდა შიში და სასოწარკვეთაც, რადგან ყველა ხვდება, რომ ცეცხლის შეჩერება ახლა კიდევ უფრო გართულდება. ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ 2-დღიანი პაუზის შემდეგ, ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღდგა.
ჰუმანიტარული ზავის შეწყვეტის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მძიმედ გათენდა. ისრაელმა “ჰამასის” ლოკაციებს ორმაგი ძალით შეუტია და ტერორისტულ სამიზნეებზე 400-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ამას უკვე "ჰამასის" ცნობით 240-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა, 600 ადამიანი დაიჭრა. განადგურდა კიდევ 20 შენობა. ყველაზე რთული ვითარება ხან იუნისშია. ქალაქში, რომელსაც ბოლო დღეებში ბევრმა შეაფარა თავი. ყველაზე მეტად აქ ნასერის საავადმყოფოს უჭირს, ამაზე UNICEF-ი ღიად საუბრობს.
“კოშმარს” უწოდებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს გაეროში. ორგანიზაციაში, 2 დღის განმავლობაში, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, შეძლებდნენ თუ არა დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ანკლავში, რადგან მათი ვეტერანი წარმომადგენელი ისრაელმა მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ვიზა გაუუქმა.
ბოლო 48 საათში, ბევრი სამუშაო ჰქონდა “რკინის გუმბათს”, რადგან 7 ოქტომბრის ტერორის მთავარმა შემოქმედმა, “ჰამასმა” ისრაელის მისამართით სარაკეტო იერიშები განაახლა. ამასთან, უარი თქვა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებაზე და ცეცხლი ზავის დასრულებამდე გახსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერორისტებმა უარი თქვეს ისრაელის პირობაზე, რომლის მიხედვითაც ყოველ გათავისუფლებულ 10 ტყვეზე ცეცხლის 1 დღით შეწყდებოდა. შედეგად 137 მძევალი კვლავ “ღაზის” მიწისქვეშა ლაბირინთებში რჩება. დადასტურდა ინფორმაცია,რომ 7 მათგანი ცოცხალი აღარაა.
მძევლების საკითხზე კატარში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგო გამოდგა, ამიტომ ისრაელმა საკუთარ დიპლომატებს კატარის დატოვება უკვე უბრძანა. დუბაიდან კატარში მიემართება ემანუელ მაკრონიც,რომელიც პროცესში საკუთარ ძალებს მოსინჯავს. დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს შტატებიც, რომელიც სულ უფრო მკაფიო წითელ ხაზს უწესებს პარტნიორ ისრაელს, რათა ქვეყანამ ომის წესები დაიცვას. ვაშინგტონში კარგად იციან,რომ “ჰამასისგან” კონსტრუქციულობის იმედი ვერ ექნებათ, ამიტომ კონსტრუქციულობისკენ ისრაელს მოუწოდებენ.
რეგიონში ვითარებას ართულებს ის, რომ ისრაელს ლიბანური “ჰესბოლას” შეტევებზე პასუხის გაცემა უწევს. ასადის რეჟიმმა კი, დღეს განაცხადა, რომ ისრაელმა დამასკოს მახლობლად მიიტანა იერიში. ამას ირანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაბომბვას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის 2 წევრი ემსხვერპლა. რეგიონი კვლავ ომის გაფართოების ზღვარზეა.