საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორებს, გამომძიებლებსა და საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია.
"პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს.
დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ - თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით, და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.