26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
არიან ადამიანები, ძირითადად "ნაციონალები", რომლებსაც "ფეისბუკზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა იყოს გამოყენებული.

ამით კობახიძე საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას პასუხობს, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, წინა წლების მსგავსად, გამოფენილი არ არის.

"კიდევ ერთი, მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია. 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული ამ შესაბამისი დღის გაფორმებაში, რადგან 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე - ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს. მე პირიქით მინდა გავიხსენო ერთი რამ - არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოზე საქართველოს დროშა გამოსახული. ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები