ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე
განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პუტინის მოწინააღმდეგე
ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ აიღო.
საუბარია "რუსეთის თავისუფლების ლეგიონსა" და "რუს მოხალისეთა კორპუსზე", რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული. მანამდე მომხდარში ადგილობრივი ხელისუფლება კიევს ადანაშაულებდა.
ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, "საბოტაჟის ჯგუფი" რუსეთის ძალებმა მოიგერიეს და "კონტრტერორისტული ოპერაცია" ამ დრომდე მიმდინარეობს. მან რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავის შეკავება სთხოვა.
თავის მხრივ უკრაინისთვის გაზრდილი შეიარაღების მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზინდეტმა ისაუბრა ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულების გენოციდად აღიარების შესახებ.
"რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება, რუსული იდეოლოგიის აშკარა დაგმობა - ეს არის სწორი გადაწყვეტილება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ინტენსიურ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა არასტანდარტულ ფორმატებს, მაქსიმალურად გავზრდით მსოფლიოს მნიშვნელოვან ყურადღებას უკრაინასა და ჩვენს თავდაცვაზე. უფრო და უფრო მეტი შედეგი უკრაინისთვის - საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ჭურვები, წვრთნა - ეს ყველაფერი აუცილებელია," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.