26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სააკაშვილი, რომელიც საზღვარზე დარბოდა ია-ვარდებით ხელში, ესეც ხომ გვახსოვს ყველას?! - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მისი თქმით, ოპონენტები 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების დათბობას თავად ცდილობდნენ, დღეს კი გაბრაზებულების როლს ირგებენ.

"ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია - გადახედეთ წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებულები არიან. აქ არის ძალიან მარტივი რამ - თვითონ აღიარებენ ამას და პირდაპირ კომენტარებშიც არ არიდებიან, საუბრობენ, რომ მაშინ სხვა ვითარება იყო თითქოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. არ ვიცი რა ვითარებაზე საუბრობენ - 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა, თურმე მაშინ, ომის მერე შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, არაერთი განცხადება ვნახეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები.

უბრალოდ, მაშინ უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, დღეს მათ უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებულები და ამ თამაშს თამაშობენ, ეს არის ძალიან მარტივი. სააკაშვილი, რომელიც საზღვარზე დარბოდა ია-ვარდებით ხელში, ესეც ხომ გვახსოვს ყველას?! ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" თავის პროტესტში გულწრფელი არ არის და, სინამდვილეში, მათი მიზანი ქვეყანაში "მეორე ფრონტის" გახსნაა.

"ჩვენ ძალიან ბევრი სპეკულაცია და პროვოკაცია ვნახეთ ამასთან დაკავშირებით, რისიც, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ის, რომ იმ ადამიანის ღონისძიებაზე იყო დიდი აგრესიაა, რომელიც არის ისრაელის მოქალაქე და რომელიც გამოირჩევა ანტიპუტინისტური გამოსვლებითა და განცხადებებით. ესეც აჩვენებს, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში არ არის გულწრფელი, მათ არ აინტერესებთ ვის წინააღმდეგ, რის გამო და რა საბაბით დგამენ შოუებს და პროვოკაციებს - მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ რამენაირად უზრუნველყონ არეულობა ჩვენს ქვეყანაში, რაც მათ გაუხსნის გზას მეორე ფრონტისკენ, მაგრამ ამ მზაკვრულ გეგმას ასრულება არ უწერია,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები