26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"მზად ვიყავით საუბრისთვის, მაგრამ მათ არჩიეს ფარული გარიგებების გზა" - ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევაში მონაწილეობას არ აპირებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. კენჭისყრა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. უმრავლესობა ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს კონსულტაციებში მონაწილეობას, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მათი არჩევა ვერ მოხდება, რადგან 90-ზე მეტი ხმა არის საჭირო.

ოპოზიცია დიალოგის გამართვის შეთავაზებას პროპაგანდისტულს უწოდებს და პროცესში ჩართვაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ გეტყვით, იმ ორ კანდიდატზე "ქართული ოცნება" რამე დათმობაზე წავა თუ არ წავა. "ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა მთელს საზოგადოებას და, რაც მთავარია, ევროკავშირს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ერთადერთი დღის წესრიგი ეს აქვს, რომ გააგრძელოს უზურპაცია ხელისუფლების ყველა შტოსი, მათ შორის, სასამართლოსი,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას", რეალურად, არ სჭირდება კონსულტაციები, რადგან მათ საუბარს ფარული გარიგებების გზა არჩიეს. 

"არანაირი არჩევანი არ არსებობს, ხალხო, "ქართულმა ოცნებამ" კონსულტაციის ნაცვლად, რომელიც კენჭისყრის დღეს, დილით გამოვუცხადეთ ჩვენ, ყველამ ერთად და ვთქვით, რომ მზადა ვართ საუბრისთვის, მათ არჩიეს ფარული გარიგებების გზა ოპოზიციონერ კოლეგებთან და გაიყვანეს ის ადამიანები, გაიყვანეს მათთვის სასურველი კანდიდატები, ვისაც ეყო ხმა და ვისაც არ ეყო ხმა, ისინი არიან მეორე ტურში გადასულები. არანაირი კონსულტაცია "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება, ნოტარიუსის ფუნქციის შესრულებას არ ვაპირებ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები