იმერეთის პოლიციამ, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.