26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი შეცდომა და არა გარიგება - ნიკა მაჭუტაძე

პარლამენტის წევრი ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობა იყო შეცდომა და არა გარიგება "ქართულ ოცნებასთან." მისივე თქმით, გადაწყვეტილება ფრაქციის დატოვების შესახებ მათ თავად მიიღეს.

"ჩვენ შეცდომა დავუშვით - ეს ფაქტია. ეს იყო კომუნიკაციის ხარვეზის შედეგი, მაგრამ ის ამბავი, რომ ახლა ნიკა მაჭუტაძე ან ვინმე ჩვენგანი გაურიგდა "ქართულ ოცნებას", ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი შეცდომა და არა გარიგება. ფრაქციაში წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა და დავტოვეთ ეს ფაქტია ჩვენი ინიციატივით,"- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გაუგებრობით გამართლება მისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

"ფრაქციის იმ წევრებმა, რომლებიც სხვა პარტიას წარმოადგენდნენ, საკმაოდ მძიმე საუბრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი დატოვებდნენ პარტია, ვინაიდან წარმოუდგენელია ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაიმენაირი თანამშრომლობა. მიზეზები და ახსნები, თუ რატომ დაუჭირეს მხარი ამ გადაწყვეტილებას არის გაუგებარი, მისკომუნიკაციაზე დაბრალება და ა.შ. არის გაუმართლებელი,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - საჭირო 90 ხმის მობილიზება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა "კურიერმა" მალევე გაარკვია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატების სასარგებლოდ ხუთი ხმა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრებმა - ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა მისცეს.

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მკაცრი შეფასება მოჰყვა - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებდნენ, რომ ამ დეპუტატებთან ყველანაირი ხასიათის თანამშრომლობას წყვეტდნენ. მალევე, ამ 5 დეპუტატიდან ყველამ, ხაბულიანის გარდა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საკუთარი ნებით დატოვა.

დღის ამბები