საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, 4 მაისს დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ფრედერიკი, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, "ინფინიტარტის" წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე აჩვენეს ფილმი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ, რომელიც ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მოამზადა.
დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან. დანიის შემდეგ, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე, გამოფენას შვეიცარია, კერძოდ, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.