სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი მოკლული ჯარისკაცების გვერდით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს და მოუწოდებს, რომ საბრძოლო მასალა დროულად მიაწოდონ.
პრიგოჟინის თქმით, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები მდიდრულ კაბინეტებში არიან მოკალათებულები, საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო კი, რუსი ჯარისკაცები იხოცებიან.
"ვინც საბრძოლო აღჭურვილობას არ გვაძლევს ჯოჯოხეთში მოხვდებიან, სამხედრო მასალისა და აღჭურვილობის 70%-იანი ნაკლებობა გვაქვს, შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა?! თქვენი შვილები მდიდრული ცხოვრებით ერთობიან და YouTube-ზე ვიდეოებს იღებენ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრების მეპატრონეები ხართ და უფლება გაქვთ ჯარისკაცების სიცოცხლე განკარგოთ, ფიქრობთ, რომ თუ თქვენ რაკეტების საცავები გაქვთ, ამ ყველაფრის უფლება გაქვთ. ელემენტარული გამოთვლები არსებობს, თუ თქვენ საბრძოლო მასალას ნორმალურად გაანაწილებთ, გარდაცვლილების რაოდენობა 5-ჯერ ნაკლები იქნება. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან იმისთვის, რომ თქვენ, თქვენს მდიდრულ კაბინეტებში ისხდეთ, გაითვალისწინეთ ეს", - განაცხადა პრიგოჟინმა.