საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა. საბჭოთა ბოროტი ძალა ცდილობდა გაენადგურებინა ქვეყნის ისტორია და ყველაფერი, რაც ჩვენს იდენტობას ხაზს უსვამდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილს ჩვენი ქვეყნის საგანძურის მეთვალყურეობა და დაცვა დაევალა - ასე მას იძულებით ემიგრაციაში წასვლა მოუწია. მისი მიზანი იყო გადაერჩინა ქართული საგანძური. მას თავისუფლად შეეძლო ეცხოვრა უზრუნველად, არ ჰქონოდა ფინანსური პრობლემა, თუმცა დაბრუნდა სამშობლოში და განძი, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა, ქვეყანას დაუბრუნა. საქართველოს ეროვნული განძი ექვთიმე თაყაიშვილმა ზუსტად 78 წლის წინ, 1945 წლის აპრილში სამშობლოში ჩამოიტანა.
"თბილისში ქართულ მიწაზე ფეხის დადგმისას ექვთიმე თაყაიშვილმა ცას ახედა, შემდეგ მარჯვენა ხელით მიწა აიღო და ეამბორა მას" - ასე არის აღწერილი ექვთიმეს საქართველოში დაბრუნება. ეცვა შელახული პიჯაკი და ფეხსაცმელი - ერიდებოდა, თუმცა იყო ამაყი, რომ 24-წლიანი მისია წარმატებით დაასრულა. თაყაიშვილის ცხოვრებას სიძნელეები ბავშვობიდან ახლდა თან. 5 წლის ასაკში დაობლდა, მის აღზრდაში კი მნიშვნელოვანი როლი ექვთიმეს ბიძამ - ედიშერ თაყაიშვილმა შეასრულა. მისი შვილთაშვილი კი დღეს ექვთიმეს კარ-მიდამოს მცველია. "კურიერი პიესმა" თაყაიშვილების მშობლიურ სოფელში იმოგზაურა. მის ვენახში შთამომავლები ფუსფუსებენ. მათი ცხოვრების მთავარი ამბები ექვთიმეს უკავშირდება, რომელიც აერთიანებს, ხშირად აფიქრებს და ცხოვრების წესს უყალიბებს.
ავტორი: ანი გენებაშვილი