დღეიდან საქართველოს საქართველოს სადარაჯოზე კიდევ 145 სამხედრო იდგება. საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს რეკრუტებმა ფიცი მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაატარეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. ქვეყნის მთავარსარდალმა თავდაცვის ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში არსებულ რთულ დროზე ისაუბრა, შეეხო რუსეთ-უკრაინის ომსაც და განაცხადა, რომ ამ ფონზე, ქართული ჯარის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული სამხედროს სამსახური.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თავდაცვის მინისტრი პირობას დებს, რომ თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება და თანამედროვედ აღიჭურვება. მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა შექმნან, რათა მათ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში იმსახურონ.
თავდაცვის ძალები რომ ძლიერდება, უმჯობესდება სამხედროების საბრძოლო შესაძლებლობები და სოციალური პირობები, ამაზე დღეს თავად ჯარისკაცებმაც ისაუბრეს.
თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე კი, პრემიერმა და მთავრობის წევრებმა, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. იყო მარშიც. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს კი, ვაზიანის სამწყობრო მოედანზე ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური წარმოების იარაღისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორია 32 წლის განმავლობაში თითოეულმა სამხედრომ დიდი შრომის, ნაწილმა კი სიცოცხლის ფასად დაწერა. სწორედ ამიტომ დღეს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან, მსოფლიო ლიდერები კი ქართველ სამხედროებს თავგანწირვისა და გლობალური მშვიდობისთვის შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობას უხდიან.