26 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, თუ როგორ იმუშავეს საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა - უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

შუალედური არჩევნების პროცესი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა შეაფასეს. ისინი კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოში ასე მასშტაბურად პირველად გამოიყენეს, წარმატებული აღმოჩნდა. დაკვირვებამ დაადასტურა, რომ არჩევნებმა ჩაიარა პროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ და ეფექტურად.

"მქონდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგებთან ერთად დავკვირვებოდი პროცესს 6 უბანზე. მინდა განვაცხადო, რომ ეს პროექტი ფრიად წარმატებული იყო. ცხადია, კომისიამ შეძლო ამ ტექნოლოგიის გამოყენება წინასწარი შედეგის გამოვლენაში, ამავდროულად, გამჭვირვალედ დათვლის პროცესში. ვფიქრობ, რომ ხელსაყრელი იყო ამ საპილოტე ვერსიის გამოყენება მცირე მასშტაბის არჩევნებში წინასწარ, მთელს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც სამომავლოდ იქნება,"-აცხადებს დამკვირვებელი, ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი დინ ლოგანი.

სომხეთის ცესკოს წარმომადგენელი ჰერმინე ჰარუტუნიანი აცხადებს, რომ ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, კარგად იყვნენ დატრენინგებული საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.

"შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ, თუ როგორ იმუშავეს საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა და ასევე, კმაყოფილები ვართ საარჩევნო მენეჯმენტით, რომელიც საქართველომ განახორციელა. არჩევნების დღეს რამდენიმე ლოკაცია მოვინახულეთ ქუთაისში. გასაოცარი იყო, თუ როგორ იყვნენ დატრენინგებულები და ინფორმირებულები თანამშრომლები, ამავდროულად ამომრჩევლებიც კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით,"- აცხადებს ჰერმინე ჰარუტუნიანი.

ალბანეთის ცესკოს წარმომადგენელი ერტონ სინანი კი აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით კმაყოფილი იყო ამომრჩეველიც.

"ხალხი კმაყოფილი იყო ამ ტექნოლოგიით, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ შეძლეს დროის დაზოგვა და ხმის მიცემა, ამავდროულად ხმის მიცემის ფარულობის დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხმის მიცემის პროცესში არის ის, თუ როგორ გრძნობენ თავს ამომრჩევლები. თუ რაოდენობას შეხედავთ, ნახავთ, რომ ამომრჩევლების ნდობა მაღალი იყო. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ალბათ ამომრჩეველთა 90-95 %-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მონაცემებზე, რომელიც უპრეცედენტოა. საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ თვეები დახარჯა ამ პროექტზე და ამ ტექნოლოგიამ თავისი ნაყოფი გამოიღო,"- აცხადებს ერტონ სინანი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც, თუმცა ის მყისიერად ამოიფხვრა.

"ჩვენ გვქონდა დღეს კონფერენცია მათთან ერთად და მოვისმინეთ მათი ძირითადი მიგნებები, რეკომენდაციები გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ის საარჩევნო ადმინისტრაციები არიან რომელთა უმრავლესობასაც მათ ქვეყნებში დანერგილი აქვთ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები, შესაბამისად, მათი გამოცდილება და ხედვები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია, ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც თორმეტივე ქვეყნის წარმომადგენელმა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირა. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, პრობლემები, რაც იმთავითვე იყო დაზღვეული და მყისიერად მოგვარებული საარჩევნო უბნებზე და ამას არ ჰქონია არანაირი გავლენა კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები