26 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
რესტორნების რუსი მფლობელები მომხმარებლებს ჩილიმს სთავაზობენ - რომელ რეგიონში ირღვევა თამბაქოსთან დაკავშირებული რეგულაციები ყველაზე ხშირად

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგებით დახურულ სივრცეში მოწევის რეგულაციები 96% სრულდება, ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, ვლინდება დარღვევებიც.

მოწევის წესის დარღვევის მიზეზი ძირითადად ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ჩილიმის მოხმარებაა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაციები, უმეტესად, იმ დაწესებულებებში დაირღვა, სადაც მომხმარებლებს ჩილიმსაც სთავაზობენ. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაა ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში, სადაც რუსულენოვანი მეპატრონეების კუთვნილ კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევის წესებს უგულებელყოფენ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის რეგიონში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი გაძლიერებას საჭიროებს.

"სამწუხაროდ, მოსახლეობა კვლავაც ვერ მიეჩვია, რომ მოწევის წესების დარღვევის ფაქტი 112-ის საშუალებით საპატრულო პოლიციას შეატყობინონ. დარღვევებზე რეაგირება, უმეტეს შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის შეტყობინებების საფუძველზე ხდება," - აღნიშნულია განცხადებაში და აქვე, ნათქვამია ისიც, რომ აუცილებელია საზოგადოებას რეგულაციების შესახებ სახელმწიფომ მუდმივად შეახსენოს. 

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას უქადის ადამიანის ჯანმრთელობას ბაზარზე მომძლავრებული თამბაქოს ახალი პროდუქტები (ელ-სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ა.შ.) , რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ და რა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც მოზარდებში თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობის შესამცირებლად," - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები