26 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და საწვავზე - როგორია ექსპერტების შეფასებები და რა წერია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში

მოქალაქეები მედიკამენტების ფასების შემცირებაზე საუბრობენ. "კურიერის” რესპონდენტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, წამლების ღირებულებამ დაიკლო. მათი განცხადებით, აუცილებელია სააფთიაქო ბაზარზე დაბალი ფასები შენარჩუნდეს.

სააფთიაქო ბაზრის მონიტორინგის შედეგებია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონკურენციის სააგენტოს წლიურ ანგარიშში. უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციებითა და ჯანდაცვის სამინისტროში გატარებული რეფორმებით, წამლებზე რეფერენტული ფასი დადგინდა, შედეგად მედიკამენტების ღირებულება 40%-ით გაიაფდა. ფასის ზედა ზღვარი საერთო ჯამში უკვე 1 100-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება.

რეფერენტული ფასის დადგენის პარალელურად, რეფორმების შედეგად ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი და ხარისხიანი წამლები. სამკურნალო პრეპარატებზე ფასი 60-80 პროცენტით შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წელს კონკურენციის სააგენტოს მიერ გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები განხორციელდა. მინისტრის მოადგილე მარტში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებზეც საუბრობს.

სააფთიაქო ბაზრის მონიტორინგის გარდა, კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში კიდევ ერთი მთავარი მიმართულება საწვავის ფასის რეგულირებაა. შესწავლის შემდეგ, გასული წლის მარტიდან ბენზინი ეტაპობრივად საშუალოდ ერთი ლარით გაიაფდა.

ფასების კლების ტენდენციაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ კონკურენციის სააგენტოს მუშაობა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი ნაბიჯები ეფექტური აღმოჩნდა. ოპოზიციის ნაწილი კი საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

ფასების შემცირების მიზნით, საწვავისა და სააფთიაქო ქსელებში გატარებულ რეფორმებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების შეფასების, კონკურენციის სააგენტომ მოახერხა, ბაზარზე მოთამაშე კომპანიებმა იდენტური წესებით იხელმძღვანელონ.

კონკურენციის სააგენტოს დაწყებული აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების მონიტორინგიც. სასურსათო ბაზრის მოკვლევა იმპორტის თვითღირებულებიდან, საცალო ვაჭრობის ქსელში მიწოდებამდე და ფასნამატის გათვალისწინებით მოხდა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა რომ სურსათზე 70 და ზოგ შემთხვევაში 100 პროცენტიანი ფასნამატი დაუშვებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს საკითხის შესწავლა და პრობლემის გადაჭრა დაავალა. კომპანიებთან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად რიგ პროდუქტებზე ფასმა დაიკლო, აქციების სახით კი მაღაზიათა ქსელებში შემცირებული ღირებულება ამ დრომდე ნარჩუნდება. პარალელურად, პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას ეხება.

დღის ამბები