26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათი რჩება - როგორც ცესკოში აცხადებენ, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათი რჩება. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური რიგგარეშე არჩევნები ტარდება. 10 საათია მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე, საკუთარ არჩევანს აკეთებენ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ამბობს,  საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა. 

"რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, 10-ვე ოლქში მოსულია 45 ათას 285 ამომრჩეველი, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41.4%-.ს ზოგადად, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული  საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც,  ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება საარჩევნო უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. სიახლე შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებ გვერდზე,“ - აცხადებს ნათია იოსელიანი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი საჩივარი, რომელიც შესულია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

“რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებულია, რომელიც შესულია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ეხება პროცედურულ დარღვევას. აღნიშნულის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს საოლქო საარჩევნო კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

 

დღის ამბები