26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
მასშტაბური თაღლითობის სქემა და ათასობით მითვისებული თანხა - როგორ ატყუებდა 22 წლის სულიკო ქართველიშვილი ვიზის ასაღებად მოქალაქეებს

"კურიერის" რესპონდენტი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, მასშტაბური თაღლითობის შესახებ საუბრობს. ის დღეს თავადაც მსხვერპლია, თუმცა მანამდე დანაშაულის მონაწილე ისე აღმოჩნდა, რომ ეს თავადაც არ იცოდა. საუბარია ათი ათასობით ლარის მითვისებაზე.

საქმის მთავარი ფიგურანტი 22 წლის მამაკაცი სულიკო ქართველიშვილია. მის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემა მარტივია - ბრალდებული სავარაუდო მსხვერპლს სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებოდა, გამოგონილი სახელით ეცნობოდა, მის ნდობას იმსახურებდა და სხვადასხვა ქვეყნის სამუშაო ვიზების გაკეთებას სთავაზობდა, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ კი, რამდენიმე ათასს ითხოვდა. თანხის ოდენობა მსხვერპლისთვის სასურველი ქვეყნის ვიზაზე იყო დამოკიდებული.
 
სულიკო ქართველიშვილი თვეების განმავლობაში დანაშაულს კარგად ფარავდა. 22 წლის ახალგაზრდა კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებს სოციალური ქსელის ყალბი გვერდიდან უკავშირდებოდა და მათ კრიპტოვალუტის შეძენაზე უთანხმდებოდა, თანხას კი დაზარალებულებს სწორედ მათ ანგარიშებზე არიცხვინებდა. ამგვარად, ქართველიშვილი კრიპტოვალუტის სახით, ისე რომ საკუთარ ანგარიშს არ ამხელდა, იღებდა და ითვისებდა დიდი ოდენობის თანხებს.
 
ახლა 22 წლის დამნაშავეს ეძებენ. ის მიმალვაშია. არსებობს ვერსია, რომ მამაკაცი თანხებს თაღლითურად საზღვარგარეთიდან ეუფლებოდა. სულიკო ქართველიშვილი ქვეყნის დატოვებამდე ქუთაისში მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი დღეს მამაკაცის ადგილსამყოფელს არ ამხელს, თუმცა ამბობენ, რომ ძებნილთან კონტაქტი პერიოდულად აქვთ.
 
სულიკო ქართველიშვილის ძებნის ოპერაციის პარალელურად, გამოძიებამ ბრალდებულის სახელზე არსებული ყველა ვირტუალური საფულე და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა დააყადაღა. გამოძიებასთან ახლა ათობით მსხვერპლი თანამშრომლობს. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ სულიკო ქართველიშვილს კიდევ სხვა არაერთი ქართველი ჰყავდეს მოტყუებული, ამიტომ, შესაძლოა დაზარალებულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტი იყოს.
დღის ამბები