26 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
არჩევნები ოპოზიციის გარეშე - ხვალ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნებია

შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას, ოპოზიციიდან ერთადერთი კონკურენტი ეყოლება. ფოთის-ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქში, პარლამენტის მანდატისთვის "ქართულ ოცნებას" კახა კუკავას პარტია უპირისპირდება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრობს, რომ არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიების ჩართვა კონკურენციას გაზრდიდა. მხოლოდ ერთი კონკურენტის პირისპირ დარჩენილი მმართველი გუნდის კანდიდატი კი ამბობს, რომ ოპონენტების მარცხი ისედაც გარდაუვალი იყო.

შუალედურ არჩევნებზე უნდა აირჩიონ საკრებულოების წევრებიც. თვითმმართველ ორგანოში მოსახვედრად "ქართულ ოცნებას" ტყიბულში საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი დაუპირისპირდება. სახელისუფლებო გუნდს, საინიციატივო ჯგუფიდან მოწინააღმდეგე ჰყავდა თერჯოლაშიც, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ კვატაიამ კანდიდატურა მოხსნა და მიზეზად საარჩევნო კვლევის წინასწარი შედეგები დაასახელა, სადაც ხელისუფლებას დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ოპოზიციური პარტიები, ვინც საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე უარი თქვა, უნდობლობას უცხადებენ შუალედურ არჩევნებს და ამბობენ, რომ რესურსს 2024 წლის გენერალური ბრძოლისთვის შემოინახავენ.

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიზეზი, მმართველი გუნდის აზრით, კონკურენციის შიშია. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ოპონენტებმა საზოგადოების განწყობა წინასწარ იცოდნენ და კანდიდატურები მორიგი მარცხის თავიდან ასაცილებლად არ დაასახელეს.

ხვალ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ, ფოთის-სენაკისა და ხობის სამაჟორიტარო ოლქში. საკრებულოების წევრებს ირჩევენ გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. მერის რიგგარეშე არჩევნები კი ცაგერსა და თერჯოლაში ტარდება. არჩევნების ჩასატარებლად უბნები უკვე მზადაა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლების 91 პროცენტი ხმას ელექტრონული სისტემის გამოყენებით მისცემს.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები