26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 24 000-მდე დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ130 მილიონამდე ევროს გადახდა  დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აგვისტოს ომის საქმეზე მოსკოვი გაამტყუნა და შესაბამისი კომპენსაციების გადახდაზეც დაავალდებულა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის იურისდიქციას ექვემდებარება აღსრულებულიყო საქართველოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭო დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებული ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

დანაშაული მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვას და გაძარცვას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.

ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.

"რუსეთმა 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ომის დროს დაზარალდნენ, უნდა გადაუხადოს 130 მილიონამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია. ეს არიან დაზარალებულები, რომლებიც გახდნენ სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლნი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, უკანონო პატიმრობა, არასათანადო მოპყრობა და წამება და საუბარია დევნილებზე, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ გამოიდევნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან და დღემდე რუსეთის ოკუპაციის გამო არ ეძლევათ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა.
 
ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა მტკიცებულებების წარდგენა - იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა ძალიან ბევრი მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ეს დარღვევები სწორედ რუსეთს მიეწერება და კონკრეტულად უნდა იქნეს კომპენსირებული კონკრეტული ადამიანებისთვის.
 
ამის შემდეგ უკვე საქმე გაგრძელდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაიხდის და როდესაც ის გადაიხდის ამ კომპენსაციას, დაიწყება პროცედურების იმისთვის, რომ ეს თანხა განაწილდეს დაზარალებულებზე,"-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
დღის ამბები