26 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ოპერა "დაისს" 100 წელი შეუსრულდა - ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერას თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გააცოცხლებენ

ოპერა "დაისს" ზუსტად 100 წელი შეუსრულდა. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერას კიდევ ერთხელ თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გააცოცხლებენ. უცვლელია მხოლოდ მუსიკა, სცენაზე კი ყველა თაობის მომღერალი მოიყრის თავს. "დაისის" პირველ დადგმაში ქართული ცეკვის პარტიას დიდი ილიკო სუხიშვილი ასრულებდა, ერთი საუკუნის შემდეგ კი ქორეოგრაფიულ დადგმას საკუთარ ანსამბლთან ერთად უმცროსი ილიკო ხელმძღვანელობს.

"დაისს" მხატვრულად გააფორმებს გოგი ალექსი მესხიშვილი, ოპერის ორკესტრს კი რევაზ ტაკიძე უდირიჟორებს. სამ მოქმედებიანი ოპერა ზაქარია ფალიაშვილმა საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს მიუძღვნა, რომელიც საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

"დაისის“ შექმნის იდეა კი ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი დაწერა და მასში შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები გამოიყენა. დაისის განახლებული ვერსიის ნახვის საშუალება მაყურებელს 29 აპრილიდან შეეძლება.

დღის ამბები