ერთგვარი ჯოჯოხეთი აფრიკის მიწაზე - სუდანიდან დაბრუნებული ქართველები, გრძელი გზის შემდეგ, მომხდარს ასე იხსენებენ.
მოვლენები მძიმე იყო საფრთხესა და გაურკვევლობაში ჩარჩენილი ადამიანების ახლობლებისთვისაც. ისინი ყოველდღიურად ელოდნენ ოჯახის წევრების ევაკუაციას, თუმცა პროცესი სამდღიანი ზავის მიუხედავად, მაინც გაჭიანურდა.
თავდაპირველი გეგმაც და პრიორიტეტიც, ხართუმიდან საჰაერო გზით ევაკუაცია იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტი საბრძოლო მოქმედებების ზონაშია, აფრენა და საჰაერო ხომალდებთან მისვლაც კი შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, პარტნიორებთან შეთანხმებით, მინიმუმ 2000 კილომეტრის სავალი გზით, ხმელეთით ეგვიპტეში გამგზავრება გადაწყდა. სუდანში დარჩა ქართული კომპანიების საჰაერო ხომალდები.
ავიაკომპანია "ჯეო სქაის" თანამშრომლების 20 კაციანი შემადგენლობა დაბრუნდა, რაც შეეხება "მაი ვეის" 13 თანამშრომელს, ისინი საქართველოში ხვალ ჩამოფრინდებიან. სუდანს ტოვებენ სხვა არაერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.
სუდანის მოქალაქეები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ.
სუდანში გავლენის მოსაპოვებლად, ქვეყნის არმიისა და სწრაფი რეაგირების ძალების გენერლების დაპირისპირებას 15 აპრილის შემდეგ უკვე 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 5 000-ს აჭარბებს. ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების მოწოდებების მიუხედავად, ამ ეტაპზე სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება.