ძალადობა ქალზე - რენატა ბეგიაშვილის სასტიკად ცემის საქმეზე დაკავებული, განზრახ ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ თავს იცავდა. რა მოხდა 22 აპრილს მის საცხოვრებელ ბინაში - ამის შესახებ ბრალდებულს არაფერი უთქვამს.
ადვოკატებმა, შალვა იაშვილის გათავისუფლება 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს. სასამართლომ კი მხოლოდ პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა და მეუღლის სასტიკად ცემისთვის ბრალდებული, წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გადაწყვეტილებაც დაასაბუთა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, პროცესზე დაზარალებულის მამაც უსმენდა. მშობელს კამერებთან გამოჩენა არ სურს, თუმცა სასამართლოს პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან თქვა, რომ წარსულში მეუღლეებს შორის მომხდარ კონფლიქტზე არაფერი იცის.
შალვა იაშვილი პოლიციამ, მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის გამო დააკავა. რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს "ფეისბუკში", საკუთარი ფოტო ატვირთა, სადაც ახალგაზრდა ქალს სახეზე მრავლობითი დაზიანებები ეტყობა. სურათს თან ახლდა განმარტებაც - ქალი შალვა იაშვილის მხრიდან მუდმივ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა.
პოლიციაში განცხადება რენატა ბეგიაშვილის არ დაუწერია, თუმცა სამართალდამცველებმა, ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ის გამოკითხავზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა გამოძიებას შალვა იაშვილის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხები - ამ მტკიცებულებების ერთობლიობით, პროკურატურა სასამართლო პროცესებზე ბრალდებულისთვის დანაშაულის დამტკიცებას ეცდება.
საპირისპირო მტკიცებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას შალვა იაშვილის ადვოკატები. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მოწმეებმა დაკავებულის მხრიდან ძალადობა არ დაადასტურეს. ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხეულზე დაზიანებები თავად ბრალდებულსაც აქვს.
შალვა იაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.