მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი წიგნის ბაზრობა ქართული ლიტერატურის მასპინძელია. ბუენოს-აირესის რიგით 47-ე საერთაშორისო ბაზრობაზე, პირველად, უცხოენოვან ლიტერატურას გვერდს ქართველ ავტორთა ნაწარმოებები დაუმშვენებენ.
საქართველოს სტენდი, ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიური სტენდის ნაწილი იქნება, სადაც გამოიფინება ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. წარმოდგენილი იქნება, ასევე მწერალთა სახლის მიერ მომზადებული კატალოგები, ქართველი მწერლების შესახებ.
ნანა ექვთიმიშვილი, დათო მაჭავარიანი, დავით გაბუნია, ლევან ბერძენიშვილი - ეს იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პატარა ქვეყანას მასშტაბურ წიგნის ბაზრობაზე წარმოადგენენ. აღნიშნულის გარდა, სტენდზე განთავსებულია, სხვადასხვა შემეცნებითი კატალოგი საქართველოს შესახებ. არგენტინელ მკითხველს, ასევე ექნება საშუალება გაეცნოს საბავშვო ლიტერატურასაც.
ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობა, წლების წინ დაარსდა. ესპანურენოვანი ფესტივალი, თანდათან იძენდა მასშტაბურობას და ინტერესს ადგილობრივი თუ უცხოელი წიგნის მოყვარულთა წრეებში. ფესტივალის პოპულარიზაციაში კი, არგენტინელმა მწერლებმა დიდი როლი ითამაშეს. მარიო ვარგას ლიოსა, ფერნანდო სავატერი, ხორხე ლუის ბორხესი - ეს იმ მწერალთა არასრული ჩამონათვალია, ვინც წიგნის ფესტივალის ხშირი სტუმარია.
ბაზრობა, დამთვალიერებლებს, 27 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. ღონისძიება, ყოველწლიურად 12 000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს.