26 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"ცინიზმია, როცა ადამიანები ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და იგივე ადამიანები ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ" - გია ცაგარეიშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ემხრობა თუ არა კიდევ ერთი, ამჯერად ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მმართველი გუნდი.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პარლამენტში ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელს შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას. 

მისივე თქმით, ცინიკურია, როდესაც "ოპოზიცია ცალი ხელით ევროპულ დროშას აფრიალებს და მერე მხარეს ხელს აფათურებს ევროპელი პენსიონერების ჯიბეში". 

"საგამოძიებო კომისიებზე გაორებული დამოკიდებულება მაქვს. რაღაც სახადი შეეყარათ კოლეგებს ოპოზიციიდან ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც თვალით არ გვინახავს სამი წელი დარბაზში, ახლა მოკალათდნენ რბილ, კომფორტულ სავარძლებში და გადაწყვიტეს, რომ თავზე დაგვაყარონ საგამოძიებო კომისიები. ვფიქრობ, ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი. 

კითხვაზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე  დაასრულებდა თუ არა სპეკულაციებს, ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ არ დაასრულებდა და პირიქით, უფრო გაამძაფრებდა.

"რა თქმა უნდა, არ დაასრულებდა, უფრო გააღრმავებდა და გაამძაფრებდა. მისცემდა ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკური ინსინუაციების საფუძველს და ჩვენ ახლა ვიწროპარტიული ხედვების გამყარებისთვის, არჩევნების წინ, ვერავის ვერ მივცემთ, პოლიტიკური ინსინუაციების საშუალებას საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ჩვენ არ ვემხრობით ამგვარ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამის საკმაოდ მარტივი მიზეზი გასაგებად განვმარტე. 

დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მე ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ეს ე.წ. აღმოჩენილი შავი ხვრელი ქოლ-ცენტრების სახით აილაგმება ამ ქვეყანაში და ამას წერტილი დაესმება. ცინიზმია, როდესაც უყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და იგივე ადამიანები ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.   

 

დღის ამბები