26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ორად გაყოფილი "ნაციონალური მძრაობა" და ბრძოლა ლიდერობისთვის - მელიას გუნდი ხაბეიშვილის იერიშის სამიზნე ბოლო ორ დღეში უკვე მეორედ გახდა

ლევან ხაბეიშვილი, ყველას, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, პარტიიდან აგდებს. "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის საკადრო პოლიტიკა ახლა მაგინებლებად და მაამებლებადაა დაყოფილი.

დაწინაურდება ყველა, ვინც ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ზურგს შეაქცევს და ხაბეიშვილის გუნდში ინტეგრირდება. ხაბეიშვილს კოჰაბიტაციის არ სჯერა და ამბობს, რომ არავის მისცემს "ნაციონალური მოძრაობის" სახელის გამოყენების უფლებას, მისი უშუალო ხელდასმის გარეშე.

ნიკა მელიას გუნდი, ლევან ხაბეიშვილის იერიშის სამიზნე, ბოლო ორ დღეში უკვე მეორედ გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მელიას ბანაკის 4 წევრი ჯერ ბათუმის საკრებულოს სიიდან ამოიღო, შემდეგ კი ყველას პარტიის მაგინებელი უწოდა. მელიას ფრთამ დღეს ახალ თავმჯდომარეს მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა, წამზომი ჩაურთო და მისი გადადგომა ისევ მოითხოვა.

საკადრო გადაწყვეტილებას ლევან ხაბეიშვილის კატეგორიული განცხადებაც მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს არ დაუმალავს, რომ პარტიის კარი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის სამუდამოდ დაკეტილია.

მოქმედის გადაწყვეტილებებმა, ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში პროცესებს სრულად ვანო მერაბიშვილი მართავს. ნიკა მელიას ფლანგი, ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილის საკადრო პოლიტიკის მსხვერპლი თავად პარტია გახდება.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პარტია ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, მხოლოდ რევოლუციურ სცენარებზეა ორიენტირებული.

ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას მანდატი ისევ თავისუფალია. ლევან ხაბეიშვილს დეპუტატის შემცვლელი ამ დრომდე არ დაუსახელებია.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები