საპარლამენტო ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია - მომავალ სასესიო კვირას, ყველა ოპოზიციური პარტია კვლავ სრულ მობილიზაციას გეგმავს. მიზანი ერთია - საგამოძიებო კომისიების შექმნა, მოსამართლეებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხებზე. ხელისუფლების ოპონენტებმა, დღეს, სპეციალური შეხვედრაც გამართეს და თქვეს, რომ პროცედურული ომით ხელისუფლება კონსტიტუციურ ჩარჩოებს არღვევს.
საერთო სტრატეგიას იზიარებს და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ხმის მიცემას გეგმავს, "ნაციონალურ მოძრაობა". დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი მენეჯმენტი კვლავ ამტკიცებს, რომ ტრანსნაციონალურ დანაშაულს სხვა ძალები მფარველობენ.
"ისრების გადატანის მცდელობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფა" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მცდელობას საპარლამენტო გამოძიებების დაწყებასთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, საკანონმდებლო სივრცეს ოპონენტების პოლიტიკურ ახირებას არ დაუთმობენ.
საერთო ოპოზიციურ თავყრილობას პარლამენტში, დღეს "გირჩი" და "მოქალაქეები" არ ესწრებოდნენ, თუმცა, კომისიების შექმნას მხარს უჭერენ. ამბობენ, რომ ამ გზით სამომავლოდ, საკუთარ ინიციატივებზე კოლეგების თანადგომას მოიპოვებენ.
ქვეყანაში დესტრუქციული ფონის შექმნა და ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტების მცდელობას საგამოძიებო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით. კანონმდებლების აზრით, ოპოზიცია მოსამართლეების დაუსაბუთებელი სანქცირების თემით მანიპულირებას ცდილობს, რაც მესამე ხელისუფლების საქმიანობაში აშკარა ჩარევის მცდელობაა.
სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია უკვე ორი კვირაა გეგმავს. თუმცა 50 დეპუტატი სასესიო დარბაზში გასულ კვირას უშედეგოდ იჯდა. კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატებს უშედეგოდ დაშლა, უკვე სამჯერ მოუხდათ.